logo
ENG



სამხარაძე ევროპარლამენტარების განცხადებას გვარამიას დაკავებაზე "მიკერძოებულს" უწოდებს

18 მაი 202214:21
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტარების გუშინდელ განცხადებას ნიკა გვარამიას დაკავებაზე "მიკერძოებულს" უწოდებს.

მისივე თქმით, განცხადების ხელმომწერი რვა ევროპარლამენტარის "უდიდესი უმრავლესობა" ოპოზიციის მხარდამჭერია.

"მე არ მაქვს ეს საქმე წაკითხული. შესაბამისად, ვერ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, შევაფასო მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა თუ არასწორი. მით უმეტეს, ეჭვი მეპარება ეს საქმე მთლიანად ინგლისურად იყოს ნათარგმნი და ამ ბატონებს და ქალბატონებს მოესწროთ ამის წაკითხვა. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის აღქმებზე დაფუძნებული განცხადება და ჩემთვის ეს არის მიკერძოებული განცხადება იმიტომ, რომ აღქმებზე დაფუძნებული განცხადება არასდროს შეიძლება იყოს ობიექტური"- თქვა სამხარაძემ.

ამასთან, ის ამბობს, რომ ამ ევროპარლამენტარების ობიექტურობაში ეჭვი შეაქვს.

"როდესაც გარკვეული პოლიტიკოსების განაჩენის დადგომიდან მეორე დღეს აცხადებენ, რომ აქ მიკერძოებული გადაწყვეტილებაა გამოტანილი, აქ ჩემთვის პირდაპირ გაუგებარია იმიტომ, რომ საქმე არ აქვს წაკითხული... გინდათ მითხრათ, რომ კუბილიუსი და ფოტიგა ამ საქმეს ეცნობიან მთელი ეს წლები? კომპეტენციაში კი არა, მათ ობიექტურობაში შემაქვს ეჭვი"- თქვა სამხარაძემ.

გუშინ, 17 მაისს 8 ევროპარლამენტარმა ნიკა გვარამიას დაკავრებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ შერჩევითი სამართალი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს, გახდეს EU-ს წევრი.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა